logo
ENG



საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას

07 დეკ 202404:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/wiud29jka0tevt5.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ძალადობრივ დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც.

ამასთან, ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება.

"ვგმობთ მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ დაშლას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიციის წარმომადგენლები, როგორც ძალადობრივი ჯგუფები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, არამედ მიმდებარე ქუჩებზე მყოფ ადამიანებსაც. ისინი იტაცებდნენ ადამიანებს და ადგილზე ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოქალაქეების დევნა და სახელმწიფო ინსტიტუტების რეპრესიული მიზნებით გამოყენება.აღნიშნულ ქმედებებს, დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობასა და მათ წამებას აქვს ძალადობრივი რეპრესიების ხასიათი. ყოველივე თავისი მასშტაბით წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. მსგავს ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გმობს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისა, რესპუბლიკის მოედანზეც იყო მობილიზებული - ისინი მომიტინგეებს აკავებდნენ და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

 


close დახურვა