logo
ENG



საერთო კანდიდატებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია - ბაქრაძე

04 ივნ 202014:10
3 წუთის საკითხავი
clock 245

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტია მზად არის სრულ ოპოზიციურ სპექტრთან ერთად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინოს. 

როგორც ბაქრაძემ განმარტა, "ევროპული საქართველო" მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას კონსენსუსიკენ და მზად არის კონსულტაციები საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გამართოს. მისივე შეფასებით, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, ეს ხელისუფლების შანსებს არჩევნებზე გაზრდის. 

"მინდა გამოვეხმაურო ბატონი შალვა ნათელაშვილის დღევანდელ ინიციატივას ოპოზიციის საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით. მინდა თავიდანვე დავაფიქსირო "ევროპული საქართველოს" პოზიცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, ეს არის ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია. მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მზად ვართ შევიკრიბოთ და უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის კანდიდატები, პირველ რიგში თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც. საზოგადოებამ მოისმინა განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან, მათ შორის საუბარი, რომ ზოგიერთი პარტია არ აპირებს საერთოდ მონაწილეობას, ან ზოგისთვის მეორე ტურში თანამშრომლობა საკმარისია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს მკაფიო ამ საკითხს. ნებისმიერი განსხვავებულობა ხელისუფლების შანსებს ზრდის. აუცილებელია შეთანხმება საერთო კანდიდატებზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციას ერთობისკენ და საერთო კანდიდატებზე შეჯერებისკენ მოუწოდა. 


close დახურვა