logo
ENG



საზოგადოებისთვის დამაზიანებელი რეგულაციები - ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა

22 აპრ 202020:25
3 წუთის საკითხავი
 

დაანონსებული აკრძალვების შემსუბუქების ნაცვლად, დღეს ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა, რამაც მიწოდების სერვისის შეფერხება გამოიწვია. პროდუქციის მიმწოდებელ კომპანიებს დღის პირველ ნახევარში მომხმარებლებისთვის იმის თქმა მოუხდა, რომ ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის გამო, თანამშრომლები მანქანით სურსათის მიტანას ვეღარ შეძლებდნენ, თუმცა გადაწყვეტილება დღის ბოლოს შეიცვალა.  ამიტომ მთელი დღის განმავლობაში  „გლოვოს“ და „ვოლტის“ სერვისებით სარგებლობა თითქმის შეუძლებელი იყო 

არათანმიმდევრული, გაუმჭვირვალე და რაც მთავარია, საზოგადოებისთვის დამაზიანებელი რეგულაციების დაწესება სულ უფრო მეტ კითხვას უჩენს ხელისუფლების ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოსახლეობის ნაწილი დახმარებისთვის გამოყოფილი ცხელი ხაზით სარგებლობასაც ვერ ახერხებს. მოქალაქეებს არავინ ეუბნება, რა უნდა გააკეთოს მაშინ, თუ მათთვის ავტომობილით გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გადაადგილების დასაშვები გრაფიკი მთავრობამ დღეს ფერმერებს დაუწესა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს დილით და საღამოს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები  ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევის დროს, მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს ეს წესებიც გამოაქვეყნა. საუბარია სამედიცინო მომსახურების მიღებასა და მომუშავე პერსონალის გადაადგილებაზე. იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქეს პრობლემები შეექმნება, ცხელ ხაზს უნდა მიმართოს, თუმცა 144-თან  დაკავშირება თითქმის შეუძლებელია.  სპეციალისტები გაუაზრებელ შეზღუდვებსა და პრობლემებზე საუბრობენ.

არასამთავრობოები  საგანგებო წესების დარღვევის გამო დაწესებული  ჯარიმების გადახედვაზეც  საუბრობენ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის განმავლობაში  საგანგებო რეჟიმის წესების დარღვევისთვის 5,148 ფიზიკური პირი და 18 იურიდიული პირი დააჯარიმა.ჯარიმების სახით გამოწერილმა თანხამ 15,714,000 ლარი შეადგინა.

 


close დახურვა