logo
ENG



საზღვრის უკანონო კვეთა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ბათუმში თურქეთის 9 მოქალაქე დააკავეს

02 ივნ 202011:51
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ცხრა პირი დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში არალეგალურად მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ქ. ბათუმში ღონისძიება ერთდროულად ორ მისამართზე დაიგეგმა.

უწყების ცნობით, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქ. ბათუმში, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს.

ღონისძიების შედეგად დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე, რომელთაც არ უფიქსირდებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა და არალეგალურად იმყოფებიან ქვეყანაში. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოთხი ცეცხლსასროლი იარაღი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა