logo
ENG



საია:პროკურატურამ 20-21 ივნისს დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი კვლავ არ მიანიჭა

25 მაი 202010:21
3 წუთის საკითხავი
 

პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

"საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის  სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია. მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი. 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღეს, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მისამართით, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც ისინი პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს და ქმნის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს.

"20-21 ივნისის საქმის დინამიკა ასევე მიანიშნებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. გარდა იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულებს სამართალწარმოების პროცესში სათანადოდ არ რთავს, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებული პირების დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება. 

"საია იმედოვნებს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა