logo
ENG



საია: დადასტურდა, რომ შსს 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას

11 თებ 202011:47
3 წუთის საკითხავი
 
0rtxsjugr2iye0e.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, 2020 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც საია-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 15 ოქტომბერს საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. კერძოდ, სამინისტრო ინახავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ინფორმაციას არაგონივრული ვადით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, საიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული შემოწმების შემდეგად, დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. მიღებული გადაწყვეტილებით,

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობილა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ავტომატური დამუშავების გზით შენახვისა და გამოყენებისთვის. ამასთან, შსს-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი;

შსს-ს დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 6 თვის ვადაში ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრა და შესაბამისი ზომების მიღება, რომლებიც ზემოაღნიშნული კანონიერი მიზნების მიღწევის შემდეგ დაუყონებლივ უზრუნველყოფს აღრიცხული მონაცემების წაშლას, განადგურებას ან შენახვას პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით;

შსს-ს ასევე დაევალა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 4 თვის ვადაში ისეთი ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხულ მონაცემთა სხვა დაწესებულებებისთვის გადაცემის საფუძვლის სათანადო იდენტიფიცირებას, მონაცემთა გადაცემას მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის არსებობისას და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელი იქნება კანონიერი მიზნის მისაღწევად“.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა.  ლომჯარია ითხოვს გამოიძიონ თუ რა მოტივით დაარქივდა სახალხო დამცველის წარმომადგენლის საპატიმროში ვიზიტს. 

ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და ცალსახად გაუგებარია ვიდეო ჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეო ჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში - მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეო კადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“, - ნათქვამია ლომჯარიას მიმართვაში.


close დახურვა