logo
ENG



საია: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის გამოძიებისკენ მოუწოდა

06 დეკ 202115:03
3 წუთის საკითხავი
 
საია: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის გამოძიებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს 5 ივლისის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოებისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2021 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები და განაგრძო მათზე ზედამხედველობა, ასევე, სახელმწიფოს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, კერძოდ: 

"კომიტეტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2021 წლის ივლისის მოვლენებთან ("ღირსების მარში") დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოავლინოს მტკიცე პოლიტიკური ნება სიძულვილის დანაშაულთან საბრძოლველად.

კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ლგბტი თემისა და აქტივისტების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

კომიტეტი ხაზს უსვამს ჯეროვანი გამოძიებისა და ადეკვატური სანქციების მნიშვნელობას დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ასევე, მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ მოვლენებთან.

ასევე წარსულ შეკრებებთან, ეფექტიანად, სწრაფად, ყოვლისმომცველად იქნას გამოძიებული, აღმოფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაციული მოტივი და დაუყოვნებლივ დაიდენტიფიცირდეს და დაისაჯოს ყველა პასუხისმგებელი პირი.

დამატებით, კომიტეტმა მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ აცნობოს განახლებული ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

კომიტეტი კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შექმნას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად სპეციალური დანაყოფი. იმავდროულად მიმართოს ყველა ღონეს სიძულვილის დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებებში დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო ჩართულობით განაგრძოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება დისკრიმინაციულად მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით".


close დახურვა