საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიციის მხრიდან მოქალაქე თამაზ გრატიაშვილის ცემაზე საუბრობს. მათი თქმით, შემთხვევა ფოთში მოხდა, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უკვე იძიებს. მათი ინფორმაციით, ზეწოლა ცემის ფაქტით არ დასრულებულა. ორგანიზაციის იურისტი განმარტავს, რომ მოქალაქეს ამის შემდეგ ორჯერ დაემუქრნენ და საჩივრის გამოტანა მოსთხოვეს. იურისტი სახელმწიფო ინსპექტორს გამოძიების დაწყებას მუქარის ფაქტებზეც სთხოვს.
„დაკავებული იქნა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, რაც რეალობაში არ მომხდარა. მანქანაში რომ ჩასვეს, მაშინ სცემეს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციაში მისვლის დროს. ერთ-ერთი ამ პირთაგანი, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და სთხოვდა რომ გაჩუმებულიყო, ხოლო მეორე პირმა, რომელიც ქუჩაში დახვდა მას ავტომანქანით, უთხრა, რომ თუკი არ გაჩერდებოდა და გააგრძელებდა ამ საქმეზე დავას, მას ფიზიკურ დაზიანებას მიაყენებდნენ, შესაძლო ლიკვიდაციით დაემუქრნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაზ გრატიაშვილს დაუნიშნონ დაცვა “, - აცხადებს ჯემალ ჭკადუა.