საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, ბოლო მონაცემებით საკარანტინო ზონაში 120 პაციენტი რჩება, მისივე განცხადებით ამ დროისთვის კლინიკაში 35 პაციენტი იმყოფება.
თალაკვაძემ მოსახლეობას იმ მოქალაქეებს, რომლებიც რისკ ზონიდან შემოდიან ქვეყნის ტერიტორიაზე მოუწოდა, რომ ითანამშრომლონ ჯანდაცვის სამინისტროდან და ექიმებს დეტალურად მოუყვნენ იმ სიმპტომების შესახებ რომლებიც მათ ახასიათებთ.
„მინდა გაგაცნოთ იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ რაც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს, წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მოხდეს იმ ღონისძიებების გატარება ჩვენი რესურსებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, ადამიანები, რომლებიც მოდიან იმ რისკ ზონიდან ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვნენ, იმ ინფორმაციის შესახებ, რაც გააჩნიათ, არ დამალონ ის სიმპტომები რომელიც მათ ახასიათებთ. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ ყველა იმ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირბული მიმართონ ოჯახის ექიმებს, რომ არ გამოიწვიონ აღნიშნულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებების გადატვირთვა. ასევე მინდა რომ გაგაცნოთ ის მონაცემები რაც დღეის მდგომარეობით არის, საკარანტინო ზონაში რჩება 120-მდე ადამიანი, კლინიკაში რჩება 35 ადამიანი, დღეს 24 საათის განმავლობაში საზღვარზე 1600-მა ადამიანმა გაიარა შემოწმება, რომელთაგანაც 2 ადამიანი სასაზღვრო პუნქტიდან გადაყვანილ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში“,-განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 112-თან შეთანხმებით შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყველა გამოძახებულ ზარზე შესაძლო შემთხვევებთან დაკავშირებით ჩაატარებს ინტერვიუს და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება გადაიყვანენ კლინიკაში.
შეგახსენებთ საქართველოში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.