პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ გახდეს.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ "ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი მართვადი იყოს, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე - ქვეყნის ეკონომიკას".
საბჭოს სხდომაზე ასევე ითქვა, რომ უნდა გამკაცრდეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციების აღსრულების კონტროლი.
საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.