logo
ENG



საკრებულეობში 40%-იანი ბარიერის გაუქმება, დელეგატის განსაზღვრა - ცვლილებები კოდექსში

25 მარ 202411:49
3 წუთის საკითხავი
 
საკრებულეობში 40%-იანი ბარიერის გაუქმება, დელეგატის განსაზღვრა - ცვლილებები კოდექსში
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 40%-იან ბარიერს აუქმებს და საპარლამენტო არჩევნებზე დელეგატების სისტემა შემოაქვს. კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა. 

არსებული ნორმით, საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც  ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტს მიიღებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა. რაც, როგორც პროექტის ავტორები მიიჩნევენ, "აფერხებს" საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას.

წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.

გარდა ამისა, ქართული ოცნება კიდევ ერთ საარჩევნო ცვლილებას წარადგენს, რომელიც ამ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს და პროპორციულ არჩევნებს შეეხება.

2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, ანუ მაჟორიტარი დეპუტატები აღარ იქნებიან. პროექტის თანახმად, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, ეს "მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით" არის საჭირო.

პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი. 


close დახურვა