პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა სფეროს ქალ წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველი საჯარო განხილვაა.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო.
როგორც ცნობილია, შეხვედრაში მონაწილეობას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ქართული ოცნების დეპუტატები მიიღებენ, საღამოს კი არაფორმალური მიღება გაიმართება.
"მე ვთვლი, რომ მონაწილეობა უნდა მივიღო ქალბატონი პრეზიდენტის ინიციატივის განხორციელებაში. ეს არ არის მოკლე ვადაზე გათვლილი პროცესი, ბევრი დრო სჭირდება იმას, რომ ასეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში შესაძლებელი იყოს შეთანხმება, მივესალმები, რომ პირველი საჯარო დისკუსია აქტიურ ქალებს შორის მოხდება", - თქვა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან შეხვედრები გამართა და მისი ხედვა გააცნო.
28 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განცხადა რომ, საზოგადოებრივი თანხმობის პროცესი ახალ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება.
სალომე ზურაბიშვილი ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.