logo
ENG



ზურაბიშვილი: წამოვიწყებ საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომ მივაღწიოთ ისტორიის საერთო აღქმას

10 დეკ 202119:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/10/iohr0ff82eyb73r.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

[პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანი] "დემოკრატიებს შიგნიდანაც აყენებენ დარტყმას. პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.

საქართველოს ყველა ეს საფრთხე სხვადასხვა ხარისხით ეხება. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს [საქართველოს] ტერიტორიის 20%, სადაც ადამიანის უფლებები და დემოკრატია უგულვებელყოფილია.

როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ კიდევ უფრო დაუცველი ვართ ყველა ჰიბრიდული საფრთხისაგან და კიდევ უფრო მეტად გვჭირდება საერთაშორისო სოლიდარობა.

ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე.

[პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანი] "როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს,  საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ. 

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია.

ეს არის უფრო საიმედო გზა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

22 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ დემოკრატიის სამიტზე, არა თავად, არამედ სალომე ზურაბიშვილი წარსდგებოდა.

21 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემამ politico მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა. წერილში სააკაშვილმა ბაიდენს მოუწოდა, არ მიეწვია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის სამიტზე. მისი თქმით, ეს ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაცია იქნებოდა.


close დახურვა