ქვეყანაში სპეცრეისით 60.000 ტესტი ჩამოვიდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას არ ჩქარობს. სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ აგრესიული ტესტირება დაიწყოს და მიზნობრივი ჯგუფებს სრულყოფილად გამოიკვლიოს. პროტოკოლის გადახედვა არ იგეგმება, თუმცა ჯგუფების გაფართოვებას აანონსებს ჯანდაცვის მინისტრი.
ამ ფონზე კი სულ უფრო იზრდება სამედიცინო კლასტერი. კორონავირუსით დაინფიცირდა ბოლნისში კიდევ 5 პირი, კატასტროფის ბრიგადიდან და სასწრაფო სამედიცინო სამსახურიდან, რის გამო სასწრაფოს ბოლნისის ფილიალი ახლა დახურულია. ბოლნისის მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას მეზობელი რეგიონებიდან ჩასული სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ.
სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ „ფორმულას“ ინფორმაცია ბოლნისის სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ექიმმა მიაწოდა, რომელიც უკვე 2 კვირაა კარანტინშია. ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმი ამბობს, რომ კატასტროფის ბრიგადის ერთი თანამშრომელი სხვა კლინიკაში მუშაობს, სადაც კორონავირუსის სიმპტომი დაუფიქსირდა. პირველადი ტესტით მას ვირუსი არ დაუდასტურდა და კარანტინში მოათავსეს, განმეორებითი ტესტით კი კოვიდ-19 ზე დადებითი აჩვენა.
ინფიცირებული ექიმების რიცხვის ზრდის ფონზე სამედიცინო ექსპერტები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს მასიურ ტესტირების აუცილებლობას და ამბობენ რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავისივე შემუშავებულ პროტოკოლს არასრულებს - მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევა სრულყოფილად არ მიმდინარეობს.
კოვიდ 19-ის გავრცელებიდან მალევე დავა სწრაფი ტესტების მასიურად ჩატარებაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გასცდა და პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ დაიწყოს ქვეყანაში მასშტაბური დიაგნოსტიკა, რათა ვირუსის ფარული და უკონტროლო გავრცელება არ მოხდეს.
ჯანდაცვის მინისტრი არც ოპოზიცის და არც ექსპერტების მოწოდებას არ იზიარებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტესტირებების ჩატარებასთან მათი მიდგომა არ შეიცვლება და დარჩება ისეთი, როგორიც არის. თუმცა, მინისტრი მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებას არ გამორიცხავს.
ბოლო მონაცემებით მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევა. აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა 6 კი გარდაიცვალა.