logo
ENG



სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები ერეკლე კუხიანიძის მიერ საკრებულოს დატოვებას მოითხოვენ

15 დეკ 201918:00
3 წუთის საკითხავი
 
ff8esng9a85rllr.jpg

 

 

სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკოსები საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ საკრებულო დატოვებას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით დღეს მოძრაობა „ლელო“ გამოვიდა. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილისგან კატეგორიულად მოითხოვენ.,  დაატოვებინონ თანამდებობა დეპუტატს, რომელმაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა.

„სირცხვილია, როცა ხელისუფლება უზარმაზარ ღონისძიებებს მართავს და ძალის დემონსტრირებას ახდენს, მისი წარმომადგენელი კი ილანძღება ბოლო სიტყვებით. ეს არის, პრაქტიკულად, შიდა საუბრების გარეთ გამოტანა. ასეთ ხელისუფლებას მომავალი არ გააჩნია“, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაძარაძემ.

მოძრაობა კუხიანიძისგან საჯარო ბოდიშსაც მოითხოვს. ანალოგიური მოთხოვნით, ხვალ, თბილისის საკრებულოსთან საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები აქციას გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!“ - წერდა კუხიანიძე.

 

 

 


close დახურვა