დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სტუდენტებს, რომლებმაც მას რუსულ კანონთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნეს, შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან ფორმულას განუცხადა, სტუდენტებს ყველა თემაზე გაესაუბრება.
"ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამომიგზავნა ეს წერილი და მე მათ შევთავაზე შეხვედრა. ვისაუბრებ ყველა თემაზე, რაც მათ აინტერესებთ. ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები, რა პოზიცია გვაქვს, როგორ ვუყურებთ კანონპროექტის სამომავლო ბედს, რას იტყვის ვენეციის კომისია და ა.შ. პირველი მოსმენა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრინციპი, მეორე მოსმენა არის მუხლობრივი, თუმცა მეორე მოსმენას არ გავმართავთ მანამ სანამ არ გვექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია", - თქვა სამხარაძემ.
რუსულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მისი ყოფილი სტუდენტები მიმართავენ და მოუწოდებენ, კოლეგები მის მიზანშეუწონლობაში დაარწმუნოს. მიმართვას 40-მდე ყოფილი სტუდენტი აწერს ხელს.
სტუდენტები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეროვნულ ინტერესებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მათი თქმით, საქართველოს გარშემო არსებული ურთულესი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას, დააკარგვინებს ერთგულ მეგობრებს და გაურკვეველი ვადით გადაავადებს მის ევროპულ მისწრაფებებს.