ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკა სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დახმარების შესაძლო შემცირებაში დამნაშავე მმართველი პარტია არ არის და ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა განცხადება იმიტომ გაავრცელეს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა სპექტრმა შეთანხმებას ვერ მიაღწია, რაშიც დამნაშავე ქართული ოცნება არ არის.
„რატომ გაჟღერდა ეს განცხადება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებები ვერ შედგა. ვინ არ მოაწერა? ჩვენ ვაწერდით ხელს. ქართული ოცნება აწერდა ხელს დოკუმენტს.
ჩვენი განცხადება იყო ასეთი - ძირითად ნაწილებს ვეთანხმებოდით, გვქონდა მცირე შენიშვნები, შეთანხმება შესაძლებელი იყო. მეორე მხრიდან სრული მიუღებლობა იყო შემოთავაზების, ამიტომ მცირე შენიშვნების განხილვაზე საერთოდ არ გადავსულვართ.
მივიღეთ ევროპარლამენტარების განცხადება ისე, როგორც იქ წერია: შეუთანხმებლობა აზარალებს და აშორებს ქვეყანას ევროპულ მომავალს, რაზეც ვეთანხმებით", - აცხადებს სამხარაძე.
მოგვიანებით ქართული ოცნების დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა ევროპარლამენტარების მიერ განცხადების გავრცელების მიზეზი და თქვა, რომ ოპოზიცია თავის წილ პასუხისმგებლობას არ ასრულებს.
„ჩვენი წილი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში არ იყოს არეულობა და პროცესები განვითარდეს სნორმალურ კალაპოტში. ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ აიღონ თავის თავზე ვალდებულებები, რაც ამომრჩეველმა დააკისრა, შემოვიდნენ პარლამენტში, გააგრძელონ მუშაობა და ავიღოთ საბაზისო დოკუმენტად ე.წ. დანიელსონის დოკუმენტი", - ამბობს ნიკა სამხარაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).