logo
ENG



ოცნებიდან წასულ დეპუტატებს ლაგოდეხის შემდეგ ჭიათურის საკრებულოს წევრიც შეუერთდა

11 ივლ 202211:12
3 წუთის საკითხავი
 

ოცნებიდან წასულ დეპუტატებს ლაგოდეხის შემდეგ ჭიათურის საკრებულოს წევრიც შეუერთდა

თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ დატოვა. 

მისი თქმით, მიზეზი მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი სამხარაძის მხარდაჭერაა. მასაც, ისევე, როგორც ლაგოდეხის საკრებულოს წევრს, გიორგი ღამბაშიძეს არ მოსწონს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი

"ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.

დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ.

ჩემი აზრით, ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო". - წერს ნიკა სამხარაძე ფეისბუქზე

სამხარაძემდე ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და პარტია დატოვა გიორგი ღამბაშიძემ. მისი თქმით, "მის ქართულ ოცნებაში არ ჯდება, რომ მთავარი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში, მისთვის განკუთვნილ წერილს ბოლომდეც კი არ კითხულობს, ისე აყენებს მძიმე შეურაცხყოფას საქართველოს პარლამენტის წევრს, მიშა ყაველაშვილს".

"პირადად ჩემთვის ეს საგანგაშო ამბავი და წითელი ხაზია". - თქვა ღამბაშიძემ.

ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და სოზარ სუბარმა ქართული ოცნება და  საპარლამენტო თანამდებობები ოფიციალურად 28 ივნისს დატოვეს. მიზეზად დაასახელეს "უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს მოსახლეობას სიმართლე". შემდეგ კი არაერთხელ გაავრცელეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია მათ შორის იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება "ომში ჩართვასთან არის დაკავშირებული". 

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი 8 ივლისს მისწერა. 

მასში ნათქვამია, რომ "კარგი იქნებოდა, ამერიკის იმიჯის დასაცავად, ნაციონალური მოძრაობის განხორციელებულ პროვოკაციებს ელჩი საჯაროდ გამიჯვნოდა".

პასუხად დეგნანმა განაცხადა, რომ წერილი "სავსე იყო სავსე ტყუილებითა და შეთქმულებების თეორიებით, რის გამოც მისი წაკითხვა ბოლომდე ვერ შეძლო". 

კელი დეგნანის ამ განცხადებას ქართული ოცნების მოქმედმა წევრებმა შეურაცხმყოფელი უწოდეს და მის წინააღმდეგ ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებას აგრძელებენ.


close დახურვა