logo
ENG



სანამ რურუა არ განთავისუფლდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება - ოპოზიცია

18 მაი 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

"მთავარი არხის" მეწილის პატიმრობაში დატოვების საკითხს ოპოზიციონერი ლიდერები ეხმაურებიან. როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, სასამართლომ მმართველი გუნდის დაკვეთა შეასრულა. ისინი მიიჩნევენ, რომ საქმე რურუას წინააღმდეგ შეკერილია და სამართალდამცველებს მისი მანქანის ჩხრეკისას არანაირი იარაღი არ ამოუღიათ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებს ჯერ კიდევ შეუძლია ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი აარიდოს და მესამე პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს. 

"თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩაშალოს ეს შეთანხმება, მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის ნათელი ნიშანი, რომ ისინი აპირებენ ჩაშალონ ეს შეთანხმება და გიორგი რურუა დატოვონ საპყრობილეში. სამართლებრივი ლოგიკა გიორგის დატოვებას ციხეში უბრალოდ არ გააჩნია და ამიტომ მიგვაჩნია, რომ დღეს კიდევ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით. საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ცალსახად ერთადერთ გადაწყვეტილებას, რაც არის გიორგი რურუას გათავისუფლება", - ამბობს სამადაშვილი. 

რურუას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში "ევროპული საქართველოს" ორი წევრი ელენე ხოშტარია და გიგი უგულავაც იმყოფებოდნენ. ხოშტარიას შეფასებით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. 

"გამიჭირდება სასამართლოს ლოგიკაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ძალიან პოლიტიკური პროცესია. მას სამართლებრივი შინაარსი პრაქტიკულად არ გააჩნია, რადგან ეს იარაღი არ არსებობს, არც კი ჩაუდიათ. რეალურად დაწერეს უბრალოდ, რომ ეს იარაღი იყო. ჩვენ ვდგავართ ზღვარზე პოლიტიკური ნორმალიზების და ეს პროცესი უნდა დაასრულოს ხელისუფლებამ", - აღნიშნა ხოშტარიამ. 

გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა. იგი მიიჩნევს, რომ 8 მარტის ოპოზიცა-ხელუსუფლების შეთანხმება შესრულებულად მხოლოდ მს შემდეგ ჩაითვლება, რაც გიორგი რურუას გაათავისუფლებენ. 

"სანამ გიორგი რურუა არ განთავისუფლდება, ის შეთანხმება არ იქნება შესრულებულად ჩათვლილი და შესაბამისად მას ექნება ისეთივე რეაქცია როგორიც აქამდე იყო. ვგულისხმობ იმას, რომ არ არსებობს სანახევროდ შესრულებული პირობები. დღეს მოქმედების დროა და მოქმედება ნიშნავს იმას, რომ რურუამ უნდა დატოვოს საპატიმრო", - აგანაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.


close დახურვა