მედიის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავენ.
როგორც ჟურნალისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, მათ სურთ, რომ შარლ მიშელს გააგებინონ, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს.
"მოგმართავთ ჟურნალისტები, რომელთა 53 კოლეგას 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ ღიად პრორუსული, აგრესიული ჯგუფები.
ჟურნალისტები, რომლებიც უკვე წლებია ვართ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეურაცხყოფის და დისკრედიტაციის ობიექტები.
დღეს თქვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გესაუბრებათ ის პრემიერემინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია 5-6 ივლისს ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტებისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებაზე.
დღეს თქვენ ქართული ოცნების დემოკრატიულ მიღწევებზე გესაუბრებათ ის პრემიერმინისტრი, რომელიც წლებია მფარველობს და ასაზრდოებს მოძალადე ჯგუფებს და იყენებს მათ განსხვავებული პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანების წინააღმდეგ ისე, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა, როდესაც მხოლოდ მის მიერ წახალისებულმა ძალადობამ აქამდე არნახულ ძალადობას მიაღწია და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ნამდვილ სადამსჯელო ღონისძიებად იქცა.
დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს და რაც მთავარია, თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ კაცი, რომელიც ანგარიშვალდებულია არა ამ ქვეყნის მოსახლეობის, არამედ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
დღეს თქვენ გესაუბრებათ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, რომელმაც არაერთხელ სცადა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მოტყუება ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმით, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით ცინიკურად და უხეშად დაარღვია თქვენი მედიაციით შექმნილი დოკუმენტიც.
უნდა იცოდეთ, რომ სანამ ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრია, საფრთხის ქვეშაა უკლებლივ ყველა ჟურნალისტის და მოქალაქის სიცოცხლე ისევე როგორც ამ ქვეყნის ღირსება და თავისუფალი მომავალი. ასეთ კაცს ხვდებით დღეს და გვინდა, რომ იცოდეთ", - ნათქვამია მიმართვაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.
შარლ მიშელმა შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან.