logo
ENG



სანდრო ბრეგაძე: მიკავშირდებოდა ერთი პიროვნება, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო

16 აგვ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 

ულტრანაციონალისტური პარტია ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ბრეგაძე პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ რა გახდა მისი გამოკითხვის მიზეზი, ან რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს.

თავად ქართული მარშის ლიდერი კი აცხადებს, რომ პოლიციას, მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება ღამის საათებში მიკავშირდებოდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას შემდეგ, რაც ის ჩემი ინვალიდი შვილის ჩაცხრილვით დამემუქრა, ინვალიდის ეტლში ჩაგიცხრილავ შვილსო, რა თქმა უნდა ამაზე ვუპასუხე უწმაწური სიტყვებით. მან ეს ჩაიწერა და შემდგომში მოიტანა პოლიციაში.

ისინი ელოდებოდნენ, რომ მე მათ მივაყენებდი ფიზიკურ შეურაცხყოფას. როდესაც ამ პიროვნებამ ვერ მიაღწია ჩემგან შესაბამის რეაქციას, დაწერეს განცხადება პოლიციაში, რომ თითქოს და მათ ეშინიათ ჩემი. მოხდა რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, რომ მე არ მივაყენო რაიმე ზიანი იმ პროვოკატორ ვინმე დოლენჯაშვილს, რომელსაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სოკარისგან აქვს ფული აღებული",- აცხადებს სანდრო ბრეგაძე.


close დახურვა