logo
ENG



საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი კვლავ ჩაკეტა

22 ნოე 201919:20
3 წუთის საკითხავი
 
rw1a2jhp6c895ra.jpg

გალის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით ენგურის ხიდი კვლავ ჩაიკეტა. როგორც "ფორმულასთან" საუბარში მოსახლეობა აცხადებს, ამჟამად ხიდის ჩაკეტვა სავარაუდოდ სოხუმში მომხდარ შეტაკებას უკავშირდება. 

"სულ ახლახანს გახსნეს ხიდი. ჩაკეტვის დროს კი მოსახლეობას უმარავი პრობლემა გვექმნებოდა. მაშინ თბილისში მიმდინარე აქციას ასახელებდნენ მიზეზად, ახლა კი ჯერჯერობით ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ სოხუმში მომხდარ ამბებს უკავშირდება. ხიდი დღეს, საღამოს საათებში ჩაიკეტა და უცნობია როდის აპირებენ მის გახსნას. საკვები პროდუქტები გადმოგაქვს ძირითადად ზუგდიდიდან და ასევე აუცილებელ სამედიცინო დახმარებასაც ვღებულობთ ზუგდიდიდან. ადგილზეა სამედიცინო მედიკამენტები, რაც მოსახლეობას ყოველდღიურად სჭირდება,"- განმარტავს "ფორმულას" წყარო.

ადგილობრივების თქმით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან მუდმივი კონტაქტი არსებობისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად ხიდის მორიგი ჩაკეტვაც იმავე პრობლემას შექმნის, რაც კვებასა და სამედიცინო დახმარებას უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ სროლა იყო, რა დროსაც 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 3 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, რესტორანთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც მოქალაქეებს ცეცხლი უცნობმა პირებმა გაუხსნეს.

გეტყვით იმასაც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთ სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე არსებული ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი ბოლოს მიმდინარე წლის 27 ივნისს ჩაკეტა. ხიდი დაახლოებით სამი თვე იყო ჩაკეტილი. 


close დახურვა