logo
ENG



საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დროს მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ

07 სექ 202018:52
3 წუთის საკითხავი
 
uroy3ggy1a453c7.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის დროს მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ. ამის შესახებ ჟვანიამ პალიტრანიუსის გადაცემაში განაცხადა. 

როგორც ჟვანიამ აღნიშნა, მოქალაქეებს აგრეთვე პირადი კალმის გამოყენების საშუალებაც ექნებათ.

"ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება. ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

მისი განმარტებით, კენჭისყრის დღეს პირბადის ტარების ვალდებულება ექნება ყველას. 

"როდესაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პიურობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ.სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი", - ამბობს ჟვანია. 

რაც შეეხება მარკირებას, თამარ ჟვანიას თქმით, სადეზინფექციო ხსნარი მარკირებაზე გავლენას არ იქონიებს და მისი მოშორება შეუძლებელია. 

"მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, ახალი მარკირების სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა", - აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ. 

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს გამოსცა. 


close დახურვა