logo
ENG



საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3-ვე კანდიდატს მხარი დაუჭირა

27 ივნ 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/27/8l5o32wvg6o17k5.jpg

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე დასრულდა.

გიზო უბილავას კანდიდატურას ხმა ქართული ოცნების 80 დეპუტატმა მისცა, ხოლო ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს 78-მა.

უბილავა მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება, ხოლო შონია და ჯეირანაშვილი 18 ოქტომბრიდან დაიწყებენ.

დამატებითი ინფორმაცია გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით:

  • 2023 წლის დეკემბერში ალექსანდრე წულაძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, უზენაეს სასამართლოში ერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა მოსამართლის 2024 წლის 24 იანვარს სამ ვაკანსიაზე გამოაცხადა. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში ვადით არჩეული მოსამართლეების ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა მათი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო (ორივე მათგანს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ოქტომბერში ეწურება).
  • მოსამართლეობის მსურველთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლამდე პერიოდი განსაზღვრა. შევსებული განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 18 პირი კანდიდატად დაარეგისტრირა და მათი სია ავტობიოგრაფიებთან ერთად გამოაქვეყნა. მოგვიანებით კანდიდატების სიას მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან აფილირებული ერთ-ერთი პირი, ხატია ჯავახიშვილი გამოაკლდა. რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი პაატა სილაგაძე და ბადრი შონია, რომლებმაც 2024 წლის მარტში საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვეს.
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მარტსა და აპრილში მიმდინარეობდა.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 21 მაისის განკარგულებით პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის მიზნით შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ ბადრი შონია, გიზო უბილავა და გოჩა ჯეირანაშვილი. 30 მაისის სხდომაზე კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი თითოეული მათგანის პარლამენტისთვის წარდგენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად.
  • კანდიდატების საჯარო მოსმენა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 20 ივნისს გაიმართა, რომელშიც  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. გასაუბრების დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამივე კანდიდატს: გიზო უბილავას, ბადრი შონიასა და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა.

close დახურვა