logo
ENG



საპატრიარქომ პრობლემებზე საუბარს თავი აარიდა - სინოდის სხდომა არ ჩატარდება

28 დეკ 201919:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებიდან პირველად, წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარე წლის ბოლოს აღარ გაიმართება. საპატრიარქომ პრობლემებზე საუბარს კიდევ ერთხელ აარიდა თავი. იყო მოლოდინი, რომ სინოდის სხდომა, რომელზეც ეკლესიის წიაღში დაგროვილ და საჯაროდ გახმოვანებულ სკანდალურ თემებზე უნდა ემსჯელათ, დეკემბერის ბოლოს გაიმართებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ მოხდება. 

როგორც "ფორმულანიუსს" სინოდის წევრმა, მეუფე მელქისედეკმა განუმარტა, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ საქართველოს პატრიარქის მოწვევა სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. სასულიერო პირი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა გახდა ამის მიზეზი.

ბოლო, ხმაურიანი სხდომის შემდგომ, სინოდს უნდა მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, რომელიც დროებით ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღოლობას ჩამოაშორეს. ასევე სინოდს უნდა ემსჯელა ჭყონდიდის ეპარქიის იმ სასულიერო პირებზეც, რომლებმაც ღია მხარდაჭერა სწორედ მეუფე პეტრეს გამოუცხადეს. თავად მეუფე კი აღნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს კანონიკური წესების უხეში დარღვევა, რაც საპატრიარქოში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობაზე მეტყველებს. სასულიერო პირის ბრალდების მთავარი ადრესატი კვლავ პატრიარქია.

გარდა ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილი წინამძღოლის საკითხისა, სინოდს, სავარაუდოდ, უნდა ემსჯელა მამა გიორგი სხილაძის საჯარო ბრალდებაზეც, რომელიც წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს გარყვნილი ქმედების განხორციელების მცდელობაში ადანაშაულებს - ასევე საუბრობდა სასულიერო პირების მხრიდან ნარკოტიკების მოხმარებასა და გასაღების ფაქტებზე. სავარაუდოდ, სინოდის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უნდა ყოფილიყო მეუფე იაკობის ბრალდებაც, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიას და გიორგი კვირიკაშვილს პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებდა. როგორც ცნობილია, მეუფე იმავე პოზიციაზეა და მან ბოდიში მხოლოდ იმ ტერმინებისთვის მოიხადა, რომელიც საჯარო სივრცეში გამოიყენა.

რა გახდა სინოდის სხდომის გადადების მიზეზი, ამაზე საპატრიარქოში არ საუბრობენ. თეოლოგები კი აცხადებენ, რომ დროის გაჭიანურება ვნებათაღელვას ვერ ჩააქრობს. წმინდა სინოდის სხდომის წელიწადში ორჯერ ჩატარებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეორე თავის, მეორე პარაგრაფი განსაზღვრავს. უცნობია, როდის გაიმართება სინოდის შემდგომი სხდომა, სადაც სასულიერო პირები გარდა შიდა საქმეებისა, სავარაუდოდ,  უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზეც იმსჯელებენ. 

 

 


close დახურვა