"საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება" ღირსების მარშის კონტრაქციაზე ბავშვების გაყვანასაც გეგმავს.
მათ ფეისბუქ გვერდზე ჰომოფობიური განცხადება გამოქვეყნდა.
"ჩოხოსნები" წერენ, რომ ღირსების მარშის დაანონსებით მათ "სულიერი მშვიდობა დაკარგეს", ლგბტქ ურთიერთობები "გაუკუღმართებულია" და მათთვის მიუღებელია ამის მათთვის "თავს მოხვევა".
ისინი ლაპარაკობენ ნინოწმინდის პანსიონზე, რომელსაც საპატრიარქო მართავს და სადაც ბავშვები წლების განმავლობაში იყვნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. "ჩოხოსნების" თქმით, პანსიონის საკითხზე მსჯელობისას აქტუალური იყო ფრაზა: "დაცული უნდა იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები". მათი აზრით, ღირსების მარშიც ხელყოფს ბავშვების ინტერესებს.
მათ მოჰყავთ შემდეგი არგუმენტები:
"ჩვენ გამოვიძიეთ და შევისწავლეთ გარკვეული მასალები და ვნახეთ, რომ:
ბავშვის უფლებათა კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი კრძალავს ნებისმიერი სახის სექსუალურ თემატიკაზე საჯარო განხილვებს და ისეთ გამოსვლებს, რითაც ირღვევა ბავშვების მშვიდ გარემოში აღზრდის უფლება.
ნებისმიერი აზრის გამოხატვა და შეკრების გამართვა უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არღვევს სხვა ადამიანების უფლებას და მორალურ ნორმებს.
5 ივლისს "თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა,ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას, მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე".
"ჩოხოსნებისვე" შეფასებით, "სასამართლო არ იცავს ბავშვებს, რადგან ლგბტ პრაიდის ტყვეობაშია" და 5 ივლისს, 17:00 საათზე, რუსთაველზე პრაიდის საწინააღმდეგოდ ბავშვებთან ერთად იკრიბებიან.
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობა "ღირსების მარში" 5 ივლისს, რუსთაველის მეტროდან 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.
საქართველოს საპატრიარქომ მათ წინააღმდეგ ჰომოფობიური კონტრაქცია და პარაკლისი 17:00 საათზე დააანონსა. სწორედ მათ შეუერთდებიან "ჩოხოსნებიც" ბავშვებთან ერთად.