logo
ENG



საპატრიარქო: პროვოკაცია ხშირად იგეგმება, რათა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიემართოს მედია

28 ივნ 202316:10
3 წუთის საკითხავი
 
საპატრიარქო: პროვოკაცია ხშირად იგეგმება, რათა საპატრიარქოს წინააღმდეგ მიემართოს მედია
ფოტო: ვახო ქარელი

საპატრიარქო ბოლო პერიოდში მომხდარი თავდასხმებისა და ძალადობის ფაქტებს განცხადებით ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაშია აღნიშნული, "რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა საპასუხო ძალის გამოყენებისას, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნას მიმართული მედია".

საპატრიარქოს განცხადება სრულად:

"ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.

პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ. საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.

ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის - პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.

ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს. ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები.

სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას:

ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა):

2012 - 78

2013 - 136

2014 - 146

2015 - 143

2016 - 91

2017 - 295

2018 - 387

2019 - 1109

2020 - 866

2021 - 1038

2022 - 286

ჯამში: 4557.

ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს კი სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ მშვილდაძეს თავს ის დაესხა. 

გუგეშაშვილის თქმით, თავდასხმის მიზეზი ისაა, რომ მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს".

ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პოსტის შესახებ ინფორმაცია აქვთ, თუმცა თავდამსხმელის დაკავების ან იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაციას არ აზუსტებენ.

ეს შემთხვევა ჰგავს ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, როცა ასევე სოციალურ ქსელში კონკრეტულმა ადამიანმა, სოსო მაისურაძემ მსგავსი შინაარსის და სტრუქტურის აღიარებითი პოსტი დაწერა და ოპოზიციონერზე თავდასხმა რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლა. 

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ფორმულას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს ცნობით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა.


close დახურვა