logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა - ფორმულას წყარო

17 ივნ 202317:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/17/2zrfxlq1nywgmgg.jpg

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმა სუს-ის შიდა ქართლის სამმართველოში დაიგეგმა.

წყაროს მოწოდებული ინფორმაციით, სუს-ის მონაწილეობით შექმნილი სცენარის მიხედვით, შეირჩა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერზე თავდამსხმელი, რომელიც მომხდარზე პასუხისმგებლობას აიღებდა, თავდასხმას რელიგიისა და პატრიარქის დაცვის მოტივით გაამართლებდა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდებოდა.

წყაროს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სოსო მაისურაძე, რომელმაც დანაშაული სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით აღიარა, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

ერთ-ერთი ვერსიით მაისურაძემ დანაშაულის გამო პოლიციასთან ჩაბარება ბოლო მომენტში გადაიფიქრა და მიიმალა.

ფორმულას წყაროს ცნობით, მას სამართალდამცველები უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდ ეძებენ.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიან.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.


close დახურვა