სასამართლომ ნიკა მელია ქართუს საქმეზე ნაწილობრივ გაამტყუნა
02 დეკ 201909:17
3 წუთის საკითხავი
სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ნაწილობრივ გაამტყუნა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მელია ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს თანამდებობის დაკავებას და შეუწყდება საპარლამენტო მანდატი.
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის ნაწილს - მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიამ არ იცოდა, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრება იგეგმებოდა და არ ყოფილა წინასწარი შეპირება.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ საქმე 2012 წელს დაიწყო. 7 წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პოლიტიკაში ჩართული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორების მიზნით, ბანკის გაკოტრებას გეგმავდნენ. კერძოდ, მოქმედებდა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი.
პროკურატურის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემდეგ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა. ამ ცვლილების თანახმად, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ "ბანკ ქართუში", უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა ქონებას სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ "ბანკი ქართუს" საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფა სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება იყო.
იმ მიზნით, რომ "ბანკ ქართუს" ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ "ბანკი ქართუს" გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი, მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი
პროკურატურის ინფორმაციით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ამ ფირმას გააჩნდა თუ არა ბანკის ვალი. ხოლო, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმისთვის, რომ ბანკი ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონს შლიდნენ. შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა.