თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პანკისელ შმაგი მუთოშვილის 2-თვიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
ბრალდების მხარე მუთოშვილისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა და მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პარალელურად პანკისში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მასში მუთოშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მუთოშვილის დაკავება ქავთარაშვილების ოჯახის მიერ არის მოწყობილი. საუბარია იმ ოჯახზე, რომლის წარმომადგენელიც 2019 წელს შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, პანკისში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი გუშინ, 19 სექტემბერს დააკავეს. მას გამოძიება 2 ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო ტარებას ედავება.
საუბარია 29 ივლისს სოფელ დუისში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ქავთარაშვილების საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს. სახლში, რომელსაც რამდენიმე ტყვია მოხვდა, მურად ქავთარაშვილი და მისი მშობლები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს პანკისში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ვისო მუთოშვილი (შმაგი მუთოშვილის ძმა) მოკლეს. მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს 11 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულების ახლობლებმა მუთოშვილებთან შერიგება სცადეს, თუმცა შერიგების ფაქტი არ შედგა.