logo
ENG



სასამართლომ 19 წლის ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

08 იან 202114:44
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 წლის ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ 21 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს:

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და ძმის მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.ა. 6 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა