ორგანიზაცია საფარი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან თანამშრომელი ქალის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასა და გენერალური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობს.
საფარში არ აკონკრეტებენ, სამინისტროს რომელ სტრუქტურაზეა საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ სავარაუდო მოძალადეები, სავარაუდო მსხვერპლის უშუალო უფროსი და ორი ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირები არიან.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმართეს გენერალურ ინსპექციას მომხდარის შესასწავლად, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ორგანიზაცია მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, სათანადოდ გამოიძიოს შემთხვევა.
"გვინდა ვისაუბროთ სექსუალური შევიწროების ფაქტზე, რომელიც მოხდა თავდაცვის ერთ-ერთ უწყებაში. მოგეხსენებათ, რომ ეს უწყება ძალიან დახურული სისტემაა და იშვიათად გამოდის გენდერულ ძალადობაზე ინფორმაცია ამ უწყებიდან. ჩვენ, 23 აგვისტოს მოგვმართა ახალგაზრდა ქალმა და გვაცნობა სექსუალური შევიწროების შესახებ და წარადგინა მტკიცებულებები. მეორე დღესვე, მივმართეთ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად გენერალური ინსპექცია მტრულად იყო განწყობილი ამ ქალის და ჩვენი ადვოკატის მიმართ და მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ საფარი წარმოადგენდა ამ ქალს, დამოკიდებულება შეიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირაზე მეტი დრო გავიდა, არანაირი რეაგირება არ მოუხდენია უწყებას. არ ვიცით რეალურად, რა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, ამ ქალს კვლავ უწევს იმ უფროსთან მუშაობა, რომელსაც ბრალს სდებს სექსუალურ შევიწროებაში, არის უკიდურესად შეშინებული, ცდილობს გამოიყენოს ყველა შვებულების დღე, რათა არ მოუწიოს სამსახურში გასვლა იგივე მდგომარეობაში და მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და მიიღონ დროებითი ზომები მაინც, ვიდრე გამოიტანენ გადაწყვეტილებას, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო გარემო.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის მოპყრობას სხვა ქალებიც ადასტურებენ, იგივე უწყებაში, იგივე პირის მიერ და ამას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი ან მხოლოდ ერთი პირის მიმართ განხორციელებული ქმედება არ ყოფილა. საკმაოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს ამ მხრივ საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, თავდაცვის გენერალური ინსპექციის იმ წარმომადგენლებს რომლებსაც შევხვდით, არ აქვთ არც ცოდნა სექსუალური შევიწროების დარღვევის შესახებ, ან როგორ უნდა მოხდეს ამ ფაქტების დადგენა ან გამოძიება და რაც მთავარია, არ აქვთ გენდერული სენსიტიურობა და ვერ ხვდებიან პრობლემის არსს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "24 აგვისტოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოსულ განცხადებაზე, იმავე დღეს დაიწყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სამსახურეობრივი შემოწმება".
"აქვე განვმარტავთ, აღნიშნული საჩივარი წარმოდგენილ იქნა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თარჯიმნის მიერ, რომელმაც მოგვიანებით წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და გამოიკითხა "საფარის"ადვოკატის თანდასწრებით.
ფაქტის გარშემო გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა შემდგომი მოქმედებები: გამოკითხა საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ადამიანი, ასევე, სავარაუდო შევიწროებაში დადანაშაულებული პირი, რომელიც ასევე ხელშეკრულებითაა დასაქმებული.
გამოკითხვის, დათვალიერება-დაოქმების პროცესი ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, რაც საკმაოდ საყურადღებო და შრომატევად პროცედურებს მოიცავს, თუმცა მიუხედავად ამისა, გენერალური ინსპექცია აქტიურად მუშაობს, რათა ერთის მხრივ, მოხდეს ფაქტის შესახებ შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული შეგროვება, არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და მეორეს მხრივ, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადებში მიეწოდოს წერილით მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატის ჩამოყალიბებას და გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და განმტკიცებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს როგორც პარტნიორ ქვეყნებთან ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.