საქართველოში საფეხბურთო სეზონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩით დაიწყო. მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო“ თბილისი და დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებული, „საბურთალო“ იბრძოდნენ.
თბილისური გუნდების დაპირისპირებაში, საბურთალომ მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ისტორიაში პირველად, სუპერთასის მფლობელი გახდა. შეხვედრის გადამწყვეტი მომენტი მე-14 წუთზე დაფიქსირდა, როდესაც ლოჩოშვილმა საკუთარ საჯარიმოში გაბედავა წააქცია და არბიტრმა 11-მეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი გიორგი კოხრეიძემ ზუსტად შეასრულა და საბურთალოს სეზონში სადებიუტო გამარჯვება მოუტანა.