საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.
არჩევნებში ერთმანეთს სამი ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი და ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია.
როგორც ცნობილია, წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია ეროვნული გაერთიანება ლიდერობს.
ჯორდან ბარდელას საფრანგეთის პრემიერმინისტრობა სურს, მაგრამ ამბობს, რომ ამ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკავებს, თუ პარტია აბსოლუტურ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს.
ეს ორტურიანი არჩევნებია და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.