logo
ENG



საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკოწამლების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

04 მარ 202419:55
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკოწამლების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ფორმულას პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის მიმართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მომართვა, რომლის თანახმადაც, 2023 წლის განმავლობაში ერთ-ერთი კერძო კომპანიის მიერ საზღვარგარეთიდან იმპორტირებული იქნა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი (ძირითადად ონკომედიკამენტები), რაც შემდგომში რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში. სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგების თაობაზეც მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - ამბობენ უწყებაში.

დღეს, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ გამოვლენილია ფაქტები, როდესაც "საეჭვო ქვეყნებიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა". აზარაშვილის თქმით, "საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში" მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

 

 


close დახურვა