logo
ENG



აზარაშვილის თქმით, მინიმუმ 60 ონკოლოგი საეჭვო მედიკამენტების შემოტანაშია ჩართული

04 მარ 202415:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/04/uj525v0ifvf6uwp.jpg

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ გამოვლენილია ფაქტები, როდესაც "საეჭვო ქვეყნებიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა". ამის შესახებ ის ვრცელ პოსტში საუბრობს, რომელშიც 2-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. 

სწორედ ამ მიზეზით ხსნის აზარაშვილი მათ შორის იმას, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის სრულად დაფინანსება და მოქმედი პროგრამის - წლიურად მხოლოდ 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნა, რასაც ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.

აზარაშვილი ამბობს, რომ "საეჭვო მედიკამენტების შემოტანის სქემაში" მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შედიოდა როგორც სამინისტროში, ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

აზარაშვილის თქმით, უკვე მოხდა ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში.

"ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა.

სამწუხაროდ, სავარაუდოდ მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება.

ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350 მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20 მლნ ლარი იყო", - წერს აზარაშვილი. 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და თავის ორწლიან საქმიანობას აჯამებს.

 

 


close დახურვა