საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია 19 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა. მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, ქართველი სასულიერო პირები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას — კირილეს დღეს, 20 ნოემბერს, 80 წელი შეუსრულდა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
დელეგაციას თან ახლავს საქართველოში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი.
მოსკოვში ჩასულ სტუმრებს შორის ასევე არიან ანტიოქიის პატრიარქი იოანე X, იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III, სერბეთის პატრიარქი პორფირე, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი როსტისლავი, ასევე ბულგარეთის, ალბანეთისა და მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.
რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს, ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომს. აღნიშნულის გამო მას სანქციები უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა დაუწესეს. 2022 წლის სექტემბერში, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, კირილემ ქადაგებისას განაცხადა, რომ სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაღუპვა „ჩამორეცხავს ყველა ცოდვას, რომელიც ადამიანმა ჩაიდინა“.
