ლარი დღეს ისევ გამყარდა, - ეს მსოფლიო მასშტაბის ვირუსის პირველი პოზიტიური ეფექტია საქართველოსთვის, თუმცა ზარალს ითვლის ტურიზმის სექტორი. სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მთავრობისა და ბანკებისგან გადასახადების გადავადებას 2 თვით ითხოვენ.
ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი კი იმპორტის შემცირებაა, საქართველოში შეიზღუდა რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან ტვირთების შემოტანა, მათ შორის მსხვილი იმპორტიორი სწორედ ჩინეთია, რომელიც კორონავირუსის აფეთქების პირველი წყაროა.
სტუმრების გარეშე დარჩენილმა რამდენიმე მცირე სასტუმრომ ფუნქციონირება შეაჩერა. ეს ინფორმაცია სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა დაგვიდასტურა. მიზეზი ფინანსური კრიზისია, რაც ტურისტულ სექტორს კორონავირუსის გავრცელებამ შეუქმნა. ტურისტები ბილეთებს და ჯავშნებს აუქმებენ. სასტუმროები, რომელთა 60% მარტში უკვე დატვირთულია ხოლმე, ახლა 3-5%-იანი დატვირთვით მუშაობს. ტურისტულ ზონებში მომუშავე სასტუმროები საკრედიტო ვალდებულებებს ვერ იხდიან და ხელფასებს ვერ გასცემენ. ამიტომ ხელისუფლებისგან და საბანკო სექტორისგან დახმარებას და სესხებთან და გადასახადებთან დაკავშირებით ორთვიან მორატორიუმს ითხოვენ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გამო ქვეყანამ 30-მილიონიანი ფინანსური ზარალი მიიღო. ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმის სექტორი დაზარალდა. რა გეგმა აქვს მთავრობას - ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე არ ულაპარაკიათ, თუმცა დაზარალებულ კერძო სექტორთან შეხვედრები დაანონსეს.
ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და რესტორნების გარდა, იზარალეს ავიაკომპანიებმაც. ამჟამად პირდაპირი ფრენები შეჩერებულია ჩინეთთან და ირანთან. იტალიასთან მიმოსვლის შეჩერებისგან მთავრობა გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. რაც ფინანსურ ზარალს კიდევ უფრო გაზრდის.
ევროპული საქართველო გეგმავს ხვალ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა შესთავაზოს. მთავრობა კი დაზარალებულ კერძო სექტორთან შეხვედრას აანონსებს. ხვალ ეკონომიკის მინისტრი სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდება.