logo
ENG



საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

22 სექ 202217:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/22/f953m9gi4yhg470.jpg
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) სხდომის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

უწყების ცნობით, მინისტრები გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის  საბჭოს 39-ე სხდომა გაიმართა. მას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი - ნიკუ პოპესკუ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჯეიჰუნ ბაირამოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - დმიტრო კულება და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი.

„სუამ-ის 39-ე სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერა ოქმს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების თაობაზე და კონვენციას სუამ-ის წევრ-სახელმწიფოთა შორის საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის კოორდინირებული ურთიერთქმედების მნიშვნელობას და თანამშრომლობის ფორმატების გაფართოების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საგარეო უწყების თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

სამინისტრო აცხადებს, რომ ამავე შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე ომისა და საერთო საფრთხეების ფონზე, რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობაზე.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს ტრანსპორტის, დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რომელიც კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.“ - წერია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსამსახურმა, იულია მენდელმაც გაავრცელა ინფორმაცია 4 ქვეყანას შორის თავისუფალ სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ შეთანხმებაზე.

„უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან. ნიუ იორკში საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაბამის პროტოკოლს მოაწერეს ხელი.“ - ტვიტერზე წერს იულია მენდელი.

 

close დახურვა