საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა, ხოლო დეკლარაციას კენჭი დღეს უნდა უყარონ.
შევა თუ არა ის მწვავე შესწორებები, რომლებიც თავად ევროპარლამენტარებმა შეიტანეს დოკუმენტში, სულ მალე გაირკვევა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სხდომაზე დადებითი კომენტარები მოისმინეს, თუმცა იგივე მოსაზრება არ აქვთ მმართველი გუნდის უკვე ყოფილ წევრებს. მათ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ასეთი კრიტიკული შეფასებები ევროპარლამენტარებისგან ჯერ არ მოუსმენიათ.
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ზვიად კვაჭანტირაძე "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ისეთ ევროპარლამენტარებს ხვდებიან, რომლებსაც საქართველოსთან შეხება არ აქვთ.
"მიდის მცდელობა გადაიფაროს ის კრიტიკა, რომელიც დღეს ისმის ევროპარლამენტის კედლებში. ამავე შენობაში „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი მართავს შეხვედრებს, ევროპარლამენტარების ისეთ წევრებთან, რომლებსაც არ აქვთ არანაირი შეხება საქართველოსთან. ისინი ნაკლებად არიან ინფორმირებულები“, - აცხადებს კვაჭანტირაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ხულორდავა კი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების შეფასებები ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო პოზიტიური, თუმცა ახლა საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის სამიზნეა.
"დღევანდელმა სხდომამ აჩვენა, რომ ის განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში წლების განმავლობაში იყო და ბოლო 3 წლის განმვლობაში, როდესაც საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ვხელმძღვანელობდი, მუდმივად დიდი პოზიტიური განწყობით გვხვდებოდნენ. სამწუხაროდ დრეს ბევრი კითხვის ნიშანი გაჟღერდა ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, - განაცხადა ხულორდავამ.
ოპონენტების აზრს არ იზიარებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. ის ამბობს, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ლეგიტიმური პროცესი იყო.
"ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ გაიმეორა ის სინანული, რომელიც უკავშირდებოდა პროპორციული არჩევნების ჩაგდება. გადაწყვეტილება რომელიც დემოკრატიულად არჩეულმა პარლამენტმა მიიღო, არის სრულად ლეგიტიმური პროცესი", - აღნიშნა მან.