logo
ENG



საქართველო გახდება NATO-ს წევრი MAP-ით, წინსვლისთვის საჭიროა პროგრესი რეფორმებში - კომუნიკე

11 ივლ 202320:58
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/ap9xh2mqax89uaz.jpeg

NATO ვილნიუსის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ კომუნიკეს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ "ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, MAP-ით, რაც პროცესის განუყოფელი ნაწილია".

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს არსებით წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც ადასტურებს მის ერთგულებასა და შესაძლებლობებს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენ ვრჩებით ერთგულნი სრულად გამოვიყენოთ NATO-საქართველოს კომისია და წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

მივესალმებით NATO-საქართველოს გაფართოებული არსებითი პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, მათ შორის კრიზისების მართვაში, კიბერუსაფრთხოებაში, სამხედრო ინჟინერიასა და უსაფრთხო კომუნიკაციებში, აგრეთვე ახალი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის ინიციატივებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს", - ნათქვამია NATO-ს კომუნიკეში.

NATO-ს კომუნიკეში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კომუნიკეში აღნიშნულია, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი გარე ძალების ჩარევის გარეშე.

NATO-ს კომუნიკეში მოწოდებაა რუსეთის მიმართ, გაიყვანოს თავისი ჯარი, რომელიც საქართველოში თანხმობის გარეშე განათავსა. ასევე, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და საზღვრის დაწესების, საქართველოსგან მათი იძულებით გამოყოფის მცდელობები.


close დახურვა