logo
ENG



საქნახშირი: მინდელის შახტში აფეთქება მუშების მიერ ტექნიკური ნორმების დარღვევამ გამოიწვია

08 თებ 202222:46
3 წუთის საკითხავი
 
საქნახშირი: მინდელის შახტში აფეთქება მუშების მიერ ტექნიკური ნორმების დარღვევამ გამოიწვია

საქნახშირი აცხადებს, რომ 30 იანვარს, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქება მუშების მიერ ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ და საგზაო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ გამოიწვია.

კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციით, "აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგზაო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას".

ამასთან, საქნახშირის განცხადებით, ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების სტანდარტი. 

"ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას - უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია აღებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებლის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება". – ნათქვამია საწარმოს განცხადებაში.

საქნახშირის ინფორმაციით, კომპანიამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც აფეთქების მიზეზების შესახებ დასკვნას ამზადებს და მასზე მუშაობას მარტის დასაწყისში დაასრულებს. 

აფეთქებაზე მიმდინარეობს გამოძიებაც. 

აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. 

დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 


close დახურვა