logo
ENG



ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

26 მარ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/26/wa9e7advepat9u6.jpg

ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს მოსკოვში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

მას ოკუპანტები ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ინასარიძესთან ერთად პატიმრობა შეუფარდეს და ძებნაში გამოაცხადეს მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, ვასილ მალიუკი.

"მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება ყურადღებას არ იმსახურებს" - ასე გამოეხმაურა ვასილ მალიუკი ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ. მანამდე კი ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყირიმის ხიდის განადგურების პოტენციალი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სატვირთო მატარებელს გაუჩნდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა საავტომობილო გზაც. მაშინ, რუსეთის სპეცსამსახურმა განაცხადა, რომ დაადგინა აფეთქების ორგანიზატორები და მათი თანამზრახველებიც, რომელთა შორის ალექსანდრე ინასარიძეც იყო ნახსენები.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამთავრობო კომისიის შექმნის დავალება გასცა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ხიდს მალე აღადგენენ.

ხიდზე აფეთქებას გამოეხმაურნენ უკრაინის ხელისუფლებიდანაც. "ყირიმი, ხიდი, დაიწყო. ყველაფერი უკანონო უნდა დაინგრეს, ყველაფერი მოპარული - დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი ოკუპირებული რუსეთის მიერ - განიდევნოს", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

ხიდის აფეთქებაში ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებამ უკრაინა დაადანაშაულა. ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ გზა "უკრაინელმა ვანდალებმა" დააზიანეს. უკრაინის ხელისუფლებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ აუღია.

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ. 

ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო გადასასვლელის დაცვის ღონისძიებების ორგანიზებისა და კოორდინაციის უფლებამოსილება FSB-ს მიენიჭა. ოკუპანტებმა ასევე გააძლიერეს რუსეთის ენერგო-ხიდის ელექტროენერგიის ქსელის დაცვა.

გარდა ამისა, კრემლმა ანექსირებულ ყირიმში ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე შემოიღო, რომელიც 23 ოქტომბრამდე იმოქმედებს.

ხიდის მშენებლობა, რომელიც ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან, ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაიწყეს. 2018 წელს ხიდზე საავტომობილო გზა გაიხსნა, ხოლო 2019 წელს მატარებელმა დაიწყო გადაადგილება.


close დახურვა