ასამდე მედიკოსის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია. საჩხერეში სამედიცინო პერსონალს სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი თვითიზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ შორის არის ინფექციონისტიც, რომლის მდგომარეობაც ასევე დამაკმაყოფილებელია. ვირუსი არ დაუდასტურდა ქუთაისის სასწრაფოს ექიმს, რომლის დედასაც კორონავირუსი აქვს.
„ჯამში 100-მდე პირის ტესტირება ჩავატარეთ, ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი მივიღეთ უარყოფითი. მუშაობა სტანდარტულად მიმდინარეობს, თვითიზოლაციაში არიმყოფებიან გვყავს მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც მკურნალობას განაგრძობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ ველოდებით გართულებებეს“,-განაცხადა საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, ბოლო მონაცემებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი წევს, მათ შორის კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთვევა 6-ია. მათგან სამს პნევმონია აქვს.
„ქუთაისში ახლა წევს 9 პაციენტი 6 დადასტურებულია. 6 დადგენილი პაციენტის მკურნალობა გრძელდება, 3-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, იმდენად რამდენადაც პნევმონიით არის კოვიდ 19 გართულება“,-განაცხადა თემურ ნადირაძემ.
საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის კორონავირუსის 195 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 39 პირი, გარდაცვლილი - 2.
ასევე ამ მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 4708 პირია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტი.