logo
ENG



საჩხერის სამედიცინო ცენტრი იზოლაციაშია - 15 ექიმი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება

05 აპრ 202019:53
3 წუთის საკითხავი
clock 578

საჩხერის სამედიცინო ცენტრი დილიდან იზოლაციაშია. დაწესებულების 100 -მდე თანამშრომელი, საავადმყოფოს ტერიტორიას ვერ ტოვებს, 15 ექიმი კი კორონავირუსზე ტესტირების საბოლოო პასუხს ელოდება.

სამედიცინო ცენტრში რეგულაციები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც ამავე დაწესებულების ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. 44 წლის დაინფიცირებული მედიკოსის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ვირუსის გადადების მიზეზად დაწესებულებაში მოთავსებულ კოვიდით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი სახელდება. მთავარი ექიმი ირწმუნება, რომ მედიკოსი პაციენტებთან კონტაქტის დროს უსაფრთხოების წესებს იცავდა და სრული ეკიპირებით იყო აღჭურვილი.

კორონავირუსით ინფიცირებული  ექიმი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოგვარე და ახლობელია. ის საჩხერის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეა, რომელიც დილიდან ასევე იზოლაციაში იმყოფება.  არის თუ არა ის ვირუსის მატარებელი, ლუგარის ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი. ტესტირება ჩაუტარდათ ოჯახის სხვა წევრებსაც.

აღსანიშნავია, რომ სანამ ფალავანდიშვილის მეუღლის ინფიცირების შესახებ გახდებოდა ცნობილი, მერი აქტიურ შეხვედრებს მართავდა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წევრებთან. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი ბევრჯერ იმყოფებოდა სოციალურად დაუცველებთან  და ხანდაზმულებთან ოჯახში. პირველადი მონაცემებით, ბენიამენ ფალავანდიშვილს კონტაქტი 83 ხანდაზმულთან და საჯარო დაწესებულების 150 თანამშრომელთან ჰქონდა.

ამოქმედდება თუ არა საჩხერეში საკარანტინო რეჟიმი, ეს ლუგარის ლაბორატორიის პასუხზეა დამოკიდებული, საიდანაც მუნიციპალიტეტის მერის მეუღლის განმეორებითი ტესტის პასუხებს ელოდებიან. 


close დახურვა