logo
ENG



სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს რუსულ კანონთან დაკავშირებული ბრძანების შეცვლას სთხოვს

02 სექ 202416:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/02/ubrjazslwkf47ls.jpg

30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართა. 

როგორც სახალხო დამცველის მიმართვაშია აღნიშნული, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.

ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი იმ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს.

"სახალხო დამცველმა შეაფასა იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 1-ელი აგვისტოს №1019 ბრძანების დისკრიმინაციულობის საკითხი, რომელიც ეხება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ დამტკიცებას. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ საფინანსო დეკლარაციაში ასასახი, როგორც დასაქმებულთა, ასევე მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაქირავებული ექსპერტების, ბენეფიციარების და სხვა პირთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საბანკო ანგარიშის ნომერი, სხვ.) საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება.

სახალხო დამცველის შეფასებით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის. პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ასეთ საქმეში, ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი, გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართავაში.

ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

 

 

 


close დახურვა