logo
ENG



სახელმწიფომ თავისი სისუსტე უფრო მეტად გვაჩვენა - არასამთავრობოები პრემიერს აკრიტიკებენ

15 აპრ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 

კომენდატის საათის მიუხედავად, აღდგომის ღამეს ეკლესიები არ იხურება, პასუხისმგებლობა კი რიგით მოქალაქეებს ეკისრებათ. პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მოყვა. თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოს, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, რაც მათი შეფასებით კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. 

„პრემიერის განცხადებაში მითითება გაკეთდება იმაზე, რომ ჩვენ მართლმადიდებელი სახელმწიფო ვართ. მე არ ვიცი საიდან ამოიკითხა ეს ჩანაწერი, კონსტიტუციიდან, თუ რომელი პოლიტიკური ტრადიციიდან არის ეს განცხადება. აშკარაა, რომ ის რელიგიური სენტიმენტების პოპულარული გამოყენებით ცდილობს, ელექტორატული მხარდაჭერის მოპოვებას“, - განაცხადა EMC-ს თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.

ხელისუფლების სისუსტეზე საუბრობს "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" გამგეობის წევრი მაკო ღავთაძეც. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში იმოქმედოს.

„საპატრიარქო რომ პრივილეგირებულია, ეს არ არის ახალი, არ მომხდარა ამ ეპიდეემის დროს, უბრალოდ ძალიან კარგად გამოჩნდა და საფრთხეები გაიზარდა, სადაც სახელმწიფომ თავისი სისუსტე უფრო მეტად გვაჩვენა. შემიძლია შევაფასო საპატრიარქოს ეთიკურობა, რამდენად სწორია მისი განცხადებები, მაგრამ მე პრეტენზიას ვუყენებ სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია, რომ იმოქმედოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, - განაცხადა მაკო ღავთაძემ


close დახურვა