სახელმწიფომ ძალოვანები, რომლებსაც წამებაში და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ, წაახალისა. პროკურატურის გამომძიებელი, რომელიც ერთ-ერთ გახმაურებულ - სერგო მამასახლისის წამების საქმეს იძიებდა, ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მუშაობს. ის ერთ-ერთია, ვინც პოლიციელების შესაძლო გადაცდომები უნდა შეისწავლოს. ამავე საქმის პროკურორი კი რომელიც მამასახლისის თქმით, მის წამებას ესწრებოდა, ისევ სისტემაში რჩება და მთავარ პროკურატურაში მუშაობს. პატიმარი ციხიდან მოითხოვს იმ სამართალდამცველების დასჯას, ვინც მისი თქმით, ფიზიკურად ძალადობდა - აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
თუმცა აღნიშნული პირი ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლად მუშაობს. ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელიც მამასახლისის საქმეს სწავლობს პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის სამართლიანი გამოძიების არ სჯერათ.
თავად სერგო მამასახლისი 2017 წელს ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ის სასჯელს რუსთავის ნომერ 17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, მამასახლისი გვიყვება - რომ აღიარება პოლიციელებმა მასზე ძალის გამოყენებით მიიღეს.
მსჯავრდებულის განცხადებით სასამართლო პროცესზე მან რამდენჯერმე მიუთითა, რომ სწორედ ბრალდების მხარის პროკური ესწრებოდა მის წამებას ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში, თუმცა რეაგირება მის განცხადებას არ მოჰყოლია. ირაკლი მინაშვილი მამასხლისის წამების საქმეზე გამოკითხულიც არ არის.
ადამიანის უფლებათა ცენტრში კი, რომელიც მამასახლისის საქმეს სწავლობს აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა კვალიფიკაცია თვითონ პროკურატურამ დაამძიმა და საქმე წამების მუხლით აღძრა - დღემდე ეს საქმე გამოუძიებელია.
პროკურატურაში "ფორმულას" კითხვებს სერგო მამასახლისის საქმესთან დაკავშირებით არ პასუხობენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, სერგო მამასახლისის წამების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კითხვებზე რატომ მუშაობს წამების თანამონაწილე პროკურორი ისევ უწყებაში? გამოიკითხნენ თუ არა მამასახლისის საქმეზე სამართალდამცველები და თავად პროკურორი ირაკლი მინაშვილი? - არ გვპასუხობენ.