სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტთან 19 თებერვალს გამართულ აქციაზე შსს-ის თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამ ეტაპისთვის გამოკითხულია აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი პირი, რომელსაც დაენიშნა სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გამოკითხვის მიზნით, დაბარებულნი არიან სხვა დაკავებულები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირობას დებს, რომ ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს.
19 თებერვალს პარლამენტთან გამართულ აქციაზე 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პარტია ლელოს წევრები, ასევე მოძრაობა საქართველოსთვის წარმომადგენლები. ისინი პარლამენტის წინ კარვის გაშლას ცდილობდნენ, რაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.