მმართველი გუნდის ახალ შეთავაზებას, რომ მთავრობა დააკომპლექტოს პარტიამ, რომელიც ხმათა 40 პროცენტზე მეტს მიიღებს, ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საზოგადოების, ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობამ ხელისუფლება იმ აზრამდე მიიყვანა, რომ შეთანხმება აუცილებელია.
"ამ დღეებში ხელისუფლების მხრიდან პირველად მოვისმინეთ, თუნდაც ადეკვატურად გააზრებული პრობლემა. მაგრამ ოპოზიციის ერთად დგომამ, საზოგადოების მობილიზებამ და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობამ ხელისუფლება მიიყვანა იმ აზრამდე, რომ შეთანხმება საჭიროა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
"საზოგადოება ალბათ ძალიან წუხს, რომ ამ ციფრებზე არის სულ საუბარი, მაგრამ სიღარიბის დაძლევას, სამუშაო ადგილების შექმნას და ყველაფერს სჭირდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც გამოხატავს ადამიანების აზრს. გარანტიას ვაძლევ ყველა ადამიანს, რომ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არანაირ კომპრომისზე არ წავალთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თავის მხრივ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას არც ხელისუფლება აპირებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, პარტიას, რომელსაც 40%-ზე ნაკლები ხმა ექნება მთავრობის დაკომპლექტების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
"არანაირი დათმობა, მაგრამ ლოგიკური შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან იქნება. ლოგიკა ამაში დიდია. არასდროს გვითქვამს და არც დავუშვებთ იმას, რომ პოლიტიკურ პარტიას 40%-ზე ნაკლები ჰქონდეს და ჰქონდეს პრეტენზია მართოს ქვეყანა. ამიტომ ჩვენი შეთავაზება იქნება ისეთი სისტემა სადაც პროპორციულიც იქნება ღირსეულად წარმოდგენილი და მაჟორიტარებსაც ექნებათ საშუალება წარადგინონ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქები“, - ამბობს ვოლსკი.